ისტორია
პაროდონტის სქემა








კალიბრაცია პაროდონტოლოგიური სტატუსის კლინიკური აღრიცხვისათვის
პაროდონტოლოგიური სტატუსის აღრიცხვის მიზანია რეცესიის, ზონდირების სიღრმისა და მიმაგრების დონის დაფიქსირება ყოველ კბილზე ან იმპლანტზე ექვს წერტილში, მილიმეტრის სიზუსტით. პაროდონტოლოგიური ზონდით ჩატარებული ყველა გაზომვისას, მაჩვენებლები მრგვალდება მეტობით.
1. ღრძილის კიდე, ზონდირების სიღრმე და მიმაგრების დონე
თითოეულ უბანზე ჯერ იზომება „ღრძილის კიდე“, ხოლო შემდეგ დაუყოვნებლივ „ზონდირების სიღრმე“. „მიმაგრების დონე“ ავტომატურად იანგარიშება ონლაინ პროგრამაში და გრაფიკულად გამოსახულია ლურჯი ხაზით.
პირველი მაჩვენებელი „ღრძილის კიდე“ არის მილიმეტრებში გამოსახული მანძილი კლინიკური ღრძილის კიდიდან საორიენტაციო წერტილამდე, როგორიცაა მინანქარ-ცემენტის საზღვარი. თუ არსებული გვირგვინის ან ბჟენის კიდე საწყისი მინანქარ-ცემენტის საზღვრიდან არაუმეტეს 3 მმ-ითაა დაშორებული აპიკალურად, ეს კიდეები გამოიყენება საორიენტაციო წერტილებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეირჩევა ვირტუალური საორიენტაციო წერტილი საწყისი მინანქარ-ცემენტის საზღვრის დონეზე.
მეორე მაჩვენებელი „ზონდირების სიღრმე“ არის მილიმეტრებში გამოსახული მანძილი კლინიკური ღრძილის კიდიდან ღრძილის ღარების ან პაროდონტოლოგიური ჯიბის ფსკერამდე.
მესამე მაჩვენებელი „მიმაგრების დონე“ იანგარიშება ონლაინ პროგრამის მიერ თითოეული უბნისთვის შემდეგი ფორმულით:
მიმაგრების დონე (მმ) = ზონდირების სიღრმე (მმ) – ღრძილის კიდე (მმ)
ჯანსაღი პაროდონტი
ჯანსაღი პაროდონტის შემთხვევაში, მინანქარ-ცემენტის საზღვარი მდებარეობს ღრძილის კიდის ქვემოთ და უშუალოდ მიმაგრების დონის ზემოთ (მიმაგრების დაკარგვის გარეშე).
ამ შემთხვევაში „ღრძილის კიდის“ 1 და „ზონდირების სიღრმის“ 2 მაჩვენებლები იდენტურია.
ზემოთ მოცემულ სურათზე მიმაგრების დონის გაანგარიშებაა:
მიმაგრების დონე 0მმ = ზონდირების სიღრმე 2მმ – ღრძილის კიდე 2მმ
ჯანსაღი პერი-იმპლანტური ქსოვილი
ჯანსაღ პერი-იმპლანტურ ქსოვილში, სუპრასტრუქტურის კიდე მდებარეობს ოდნავ ქვემოთ პერი-იმპლანტურ ლორწოვანთან შედარებით (ალვეოლური ძვლის დაკარგვის გარეშე).
ალვეოლური ძვლის დონის (მიმაგრების დონე) გაანგარიშებაა:
ალვეოლური ძვლის დონე 2მმ = ზონდირების სიღრმე 3მმ – ღრძილის კიდე 1მმ
ჰიპერპლასტიკური პაროდონტი (ჭარბი ზრდა)
ჰიპერპლასტიკური პაროდონტის დროს, მინანქარ-ცემენტის საზღვარი შეიძლება მდებარეობდეს ღრძილის კიდეზე ბევრად ქვემოთ (>3მმ), მაგრამ მაინც უშუალოდ მიმაგრების დონის ზემოთ (მიმაგრების დაკარგვის გარეშე).
ამ შემთხვევაშიც „ღრძილის კიდის“ 1 და „ზონდირების სიღრმის“ 2 მაჩვენებლები იდენტურია.
ზემოთ მოცემულ სურათზე მიმაგრების დონის გაანგარიშებაა:
მიმაგრების დონე 0მმ = ზონდირების სიღრმე 5მმ – ღრძილის კიდე 5მმ
შენიშვნა: ჯიბეებს, რომელთა ზონდირების სიღრმე 4 მმ ან მეტია მიმაგრების დაკარგვის გარეშე, ფსევდო-ჯიბეები ეწოდება.
ჯანსაღი პერი-იმპლანტური ქსოვილი ესთეტიკურ ზონაში
ესთეტიკურ ზონაში ჯანსაღი პერი-იმპლანტური ქსოვილის დროს, სუპრასტრუქტურის კიდე მდებარეობს უფრო ღრმად პერი-იმპლანტური ლორწოვანის ქვეშ (ალვეოლური ძვლის დაკარგვის გარეშე).
ალვეოლური ძვლის დონის (მიმაგრების დონე) გაანგარიშებაა:
ალვეოლური ძვლის დონე 2მმ = ზონდირების სიღრმე 5მმ – ღრძილის კიდე 3მმ
პაროდონტოლოგიური ჯიბე
დაავადებული პაროდონტის დროს, მინანქარ-ცემენტის საზღვარი შეიძლება მდებარეობდეს ღრძილის კიდის ზემოთ ან ქვემოთ. მანძილი ღრძილის კიდიდან პაროდონტოლოგიური ჯიბის ფსკერამდე ფიქსირდება როგორც ზონდირების სიღრმე 2.
მიმაგრების დონის გაანგარიშებაა:
მიმაგრების დონე 5მმ = ზონდირების სიღრმე 7მმ – ღრძილის კიდე 2მმ
შენიშვნა: 4 მმ ან მეტი სიღრმის ჯიბეებს, რომლებიც რჩება პაროდონტოლოგიური თერაპიის დასრულების შემდეგ, რეზიდუალური (ნარჩენი) ჯიბეები ეწოდება.
პერი-იმპლანტური ჯიბე
პერი-იმპლანტურ დაავადებულ ქსოვილში ალვეოლური ძვლის დაკარგვით, სუპრასტრუქტურის კიდე შეიძლება მდებარეობდეს ოდნავ ქვემოთ ან ზემოთ პერი-იმპლანტური ლორწოვანისგან. მანძილი პერი-იმპლანტური ლორწოვანის კიდიდან პერი-იმპლანტური ჯიბის ფსკერამდე ფიქსირდება როგორც ზონდირების სიღრმე 2.
ალვეოლური ძვლის დონის (მიმაგრების დონე) გაანგარიშებაა:
ალვეოლური ძვლის დონე 6მმ = ზონდირების სიღრმე 7მმ – ღრძილის კიდე 1მმ
ღრძილის რეცესია
ღრძილის რეცესიის შემთხვევაში, ღრძილის კიდე მდებარეობს მინანქარ-ცემენტის საზღვრის აპიკალურად. „ღრძილის კიდის“ 1 გაზომილი მნიშვნელობა ჩაიწერება უარყოფითი ნიშნით.
მიმაგრების დონის გაანგარიშებაა:
მიმაგრების დონე 6მმ = ზონდირების სიღრმე 2მმ – ღრძილის კიდე -4მმ
პერი-იმპლანტური რეცესია
პერი-იმპლანტური რეცესიის შემთხვევაში, პერი-იმპლანტური ლორწოვანის კიდე მდებარეობს სუპრასტრუქტურის კიდის აპიკალურად. „ღრძილის კიდის“ 1 გაზომილი მნიშვნელობა ჩაიწერება უარყოფითი ნიშნით.
ალვეოლური ძვლის დონის (მიმაგრების დონე) გაანგარიშებაა:
ალვეოლური ძვლის დონე 4მმ = ზონდირების სიღრმე 2მმ – ლორწოვანი გარსის კიდე -2მმ
ექვსი სააღრიცხვო წერტილი თითო კბილზე ან იმპლანტზე
ყველა პაროდონტოლოგიური ან პერი-იმპლანტური გაზომვისთვის გადამწყვეტია კბილის ან იმპლანტის გარშემო სწორი ექვსი წერტილის შერჩევა. ამ მიზნით, კბილი ან იმპლანტი განიხილება ოკლუზიური მხრიდან და იყოფა 6 სექციად. თითოეული ამ სექციისთვის განისაზღვრება და იზომება უბანი ზონდირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.
პაროდონტოლოგიური ზონდის ანგულაცია (დახრა)
ზონდირების სიღრმის გაზომვისას, ზონდი მიჰყვება კბილის ზედაპირს აპიკალურად. ის შეიძლება დაიხაროს მეზიო-დისტალურ ღერძზე A ან B, ხოლო ბუკო-ორალური მიმართულება უნდა იყოს კბილის გრძივი ღერძის პარალელური.
2. ფურკაციის დაზიანება
ზედა ყბის მოლარებისა და პირველი პრემოლარების ფურკაციები მოწმდება ფურკაციის ზონდით. შეღწევის საერთო სიღრმის ჰორიზონტალური კომპონენტი იყოფა 0-3 ხარისხებად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (Hamp et al., 1975).
ხარისხი 0 ფურკაციის შესასვლელი არ ფიქსირდება
ხარისხი 1 ფურკაცია ფიქსირდება, ჰორიზონტალური ზონდირების მაჩვენებელი ≤3მმ
ხარისხი 2 ფურკაცია ფიქსირდება, ჰორიზონტალური ზონდირების მაჩვენებელი >3მმ
ხარისხი 3 ფურკაცია ღიაა გამჭოლად
3. კბილის მორყეულობა
ყველა არსებული კბილის მორყეულობა იზომება ბიდიგიტალურად (ორი თითით) და იყოფა 0-3 ხარისხებად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (Miller, 1950).
ხარისხი 0 ფიზიოლოგიური მორყეულობა
ხარისხი 1 მომატებული მორყეულობა 1მმ-მდე ჰორიზონტალურად
ხარისხი 2 მომატებული მორყეულობა 1მმ-ზე მეტი ჰორიზონტალურად
ხარისხი 3 მძიმე მორყეულობა ვერტიკალური მიმართულებით
ლიტერატურა
Miller S. C., Textbook of Periodontia, 3rd edition, The Blakiston Co., Philadelphia and Toronto, 1950.
Hamp S. E., Nyman S., Lindhe J., Periodontal treatment of multirooted teeth. Results after 5 years. J. Clin. Periodontol. 1975;2:126–135. doi: 10.1111/j.1600-051X.1975.tb01734.x.
Copyright (C) 2025 by www.perio-tools.com